მარიამ დანგაძე
წინასაარჩევნო პროპაგანდა ± 100 წელი
წინასაარჩევნო აგიტაცია და პროპაგანდა პირველ ქართულ არჩევნებში და დღეს
საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ახლადშექმნილი რესპუბლიკა პირველად მოიცვა წინასაარჩევნო ციებ-ცხელებამ. პოლიტიკური პროპაგანდის მძვინვარება არც ჩვენი დროის არჩევნების სამზადისში შეწყვეტილა. საინტერესოა რა იცვლება და რომელი ტენდენციები უძლებს დროთა ქარტეხილებს პოლიტიკურად ყველაზე აქტიურ ხანაში.
1919 წლის 10 იანვარს საქართველოში მიიღეს კანონი „დამფუძნებელი კრების არჩევნების დანიშვნისა," რომლის მიხედვითაც, დამფუძნებელი კრების არჩევნები ამავე წლის 14 თებერვალს უნდა გამართულიყო. არჩევნებში მონაწილეობას იღებდა 15 პოლიტიკური სუბიექტი ჯამში 550-ზე მეტი კანდიდატით. სწორედ ასე დაიწყო დიდი წინასაარჩევნო მარათონი.

პოლიტიკური ბრძოლა პარტიათა გაზეთების ფურცლებზე მიმდინარეობდა. ზოგიერთ ძალას თავისი მკაცრად განსაზღვრული აუდიტორია გააჩნდა, მაგალითად, „შრომაში" 1919 წლის 7 თებერვალს გამოქვეყნებული მიმართვით, სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია მხოლოდ ქალაქისა და სოფლის მუშებს მოუწოდებდა, არ დაეშვათ ბურჟუაზია სახელმწიფოს დაპატრონებოდა და ხმა სიის მესამე ნომრისთვის, ანუ მშრომელთა მხარდამჭერი სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიისთვის მიეცათ. ზოგადად, ესერები ერთ კლასზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რადგან მათი იდეოლოოგის მიხედვით, კონკრეტული ქვეყნის არჩევნებში გამარჯვება მნიშვნელობას კარგავდა, თუ მასში სხვა რომელიმე კლასი იყო გაბბატონებული, ამის ნათელი დადასტურებაა „შრომაში" დაბეჭდილი მათი კიდევ ერთი განცხადება, რომლელშიც „(პარტია) სასტიკ ბრძოლას უცხადებს მთელ კაპიტალისტურ წყობილებას მუშათა საბოლოო გათავისუფლებისთვის.

სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის საარჩევნო მიმართვა მიწის მუშებისადმი. გაზეთი „შრომა" N20, 28 იანვარი, 1919 წელი.
პოლიტიკურ კომპასზე სოციალისტ-რევოლუციონერებისგან ოდნავ მარჯვნივ თუ გავუყვებით გზას, შევხვდებით შედარებით ნაკლებად, თუმცა მაინც მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიას, რომელიც თავის პოტენციურ ამომრჩეველს ძირითადად „სახალხო საქმის" შუამავლობით ესაუბრება, მაგრამ არანაკლებ პოპულარულია ქუთაისში დაბეჭდილი, მარატის ფსევდონიმის მოსახელე „ხალხის მეგობარიც". ზემოთ ნახსენები პარტიისგან განსხვავებით, მათ განცხადებებში შევხვდებით ეროვნულობის ხაზგასმასაც მაგალითად, სახალხო საქმის 1919 წლის 10 თებერვლის ნომერი მშრომელ ხალხს კატეგორიულად მოუწოდებს ხმა მხოლოდ მეხუთე ნომერს მისცენ, რადგან „ქართველი მშრომელი ხალხის ინტერესებს ღირსეულად დაიცავენ მხოლოდ სოციალის-ფედერალისტთა კანდიდატები."
სოციალისტ-ფედერალისტთათვის არჩევნების დროს უმოქმედობა ღალატს უტოლდებოდა, ამიტომაც ყველას ბრძოლისკენ მოუწოდებდნენ.




ასი წლის წინათ პარტიები მშრალი განცხადებებით არ კმაყოფილდებოდნენ და თავიანთ პოზიციებს ღიად აფიქსირებდნენ თავიანთ პერიოდულ პრესაში, სადაც მოწოდებებთან ერთად იბეჭდებოდა ლექსები და ილუსტრაციები. წამყვანი პოლიტიკური პარტიები სწორედ ასეთი მრავალფეროვანი და სახალისო ხერხებით ცდილობდნენ ამომრჩეველთა მოხიბვლას. საუკუნის წინანდელი წინასაარჩევნო აგიტაცია ასე გამოიყურებოდა.
პოლიტიკური ოპონირების პროცესში პარტიები მანიპულაციის მიზნით იყენებდნენ ომისა და უმცირესობების თემებს. მაგალითად, წინასაარჩევნოდ სოციალ-დემოკრატები წერდნენ: „ნაციონალისტები მუდამ ომის გაჩაღებას ელტვიან. მათ ხალხის სისხლი არ ენანებათ. სოციალ დემოკრატია მშვიდობიანობის მოტრფიალეა!" ამ მეტად საჭირბოროტო ბრალდებას ეროვნულ დემოკრატებიც გამოეხმაურნენ და მოსახლეობას მოუწოდეს ხმა მეორე ნომრისთვის მიეცათ, რათა ქვეყანაში „სომეხი პლუტოკრატიისთვის" გასაქანი არ მიეცათ.
პოლიტიკური ოპონირების საუკუნის წინანდელ მეთოდებისა და ეთნიკური უმცირესობების მაშინდელი მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტი და ავტორი, სალომე აფხაზშვილი ამბობს, რომ სომხურ თემს ქართულ თანამედროვეობაში მართლაც არ ჰქონდა "კარგი" სახელი.
ასი წლის შემდეგ ...
1919 წლის შემდეგ საქართველოში მართლაც ბევრმა წყალმა ჩაიარა. პოლიტიკური რეჟიმები იქმნებოდა და ინგრეოდა, ტექნელოგიები ვითარდებოდა. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობაზე ზემოქმედებდა. შედეგად მეორე ათასწლეულის მეორე ათწლეულის არჩევნებიც არ ჰგავდა წინებს და ინოვაციური ელემენტებით ხასიათდებოდა. პოლიტიკურმა ბრძოლამ სოციალურ ქსელების მიმართულებით დაიწყო სვლა, კარიკატურები მიმებმა ჩაანაცვლა, კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებზე გათვლილმა დასპონსორებულმა პოსტებმაც გადადგეს პირველი ნაბიჯები, თუმცა ფორმის ცვლილება შინაარსზე დიდად ვერ ზემოქმედებს. თანამედროვეობაში კვლავ შევხვდებით ქსენოფობიის ნიშნებს, ომის თემით მანიპულაციებს, არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოწოდებებს და ყველაფერ იმას, რასაც ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ ასი წლის წინ პირველად უსინჯავდა გემოს.
1919 წელს საქართველოს სომხეთთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და სომხური პოლიტიკური პარტიის გაზეთიც უსაფრთხოების მიზნით არ გამოიცემოდა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს კი ჟღერდებოდა არმენოფობიური განცხადებები, რაც უმეტესად მაშინდელი საომარი მდგომარეობით მართლდებოდა.

თანამედროვეობაში ქსენოფობიური განცხადებებისთვის პლატფორმა შეცვლილი, სომხეთთან ურთიერთობა კი დალაგებულია. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კახა კუკავამ არა არმენოფობიური, არამედ ქსენოფობიური ვიდეორგოლო მიგრაციის საკითხს მიუძღვნა და საქართველოს დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებას მიგრანტთა უკონტოლო შემოსვლის აკრძალვის საშუალებით დაპირდა, შედეგად კი მისი ვიდეორგოლი რამდენიმე მედია საშუალებამ დისკრიმინაციული ხასიათის გამო ეთერიდან მოხსნა.
კახა კუკავა - "თავისუფალი საქართველო", 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების სააგიტაციო ვიდეორგოლი
ასი წლის წინანდელი არჩევნების დროს პარტიებს მხოლოდ გაზეთების გამოყენებით შეეძლოთ ამომრჩეველთან კონტაქტი, დღეს კი ინტერნეტი ყველა ასაკისა და ინტერესის მოქალაქეს აერთიანებს, სწორედ ამიტომ პოლიტიკური მოთამშეები ამ მოედანზე ეფექტური მანევრების განხორციელებას ცდილობენ. თუ 1919 წელს სოციალ-დემოკრატები მოსახლეობას წერილობით აშინებდნენ, რომ ეროვნულ-დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანის სიმდიდრეს თავადები ერთპიროვნულად დაეპატრონებოდნენ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა პერიოდში საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი სოციალურ ქსელში მუდმივად აწყდებოდა მოდელირებულ ქრონიკას იმის შესახებ თუ რა მოჰყვებოდა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გაპრეზიდენტებას. შესაბამისად, მხოლოდ პერსონაჟები, თარიღი და ბრძოლის ველი შეიცვალა, შემაძრწუნებელი მომავლის დახატვით მანიპულირება კი იგივე დარჩა.
ქსენოფობიური განცხადებები და მტიკვნეული თემებით მანიპულაციები წინასაარჩევნო კამპანიის განუყრელ ნაწილად იქცა, ასი წლის წინ პოპულარული პოლიტიკური ლექსებისა და ილუსტრაციების ფუნქცია კი სოციალურ მედიაში განთავსებულმა პოსტებმა და ეგრეთწოდებულმა მიმებმა შეითავსეს, თუმცა მათ არა პირდაპირ პოლიტიკური პარტიები, არამედ მათი მხარდამჭერები ავრცელებენ. გამოხატვის ფორმებმაც განიცადეს ცვლილება, უკვე ქარაგმურად და პოეტურად აღარავინ აკნინებს მოწინააღდეგეს.
მითების დეტექტორის ლაბორატორია

2019 წელი
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website